რამდენიმე ათეული წლის წინ მარტოხელა მამაკაცის ოთახის დიზაინი ასოცირდებოდა ტყავის დივანთან, ქაოტურად განლაგებულ ინტერიერთან, მინიმალური რაოდენობის უგემოვნო ავეჯთან, მტვრიან ნივთებთან, მიმოფანტულ ტანსაცმელთან და ა. შ.... ინფორმაციულ საუკუნეში ინტერიერის დიზაინის სწრაფმა ინოვაციურმა განვითარებამ ამგვარი სტერეოტიპების ნგრევა გამოიწვია. დღეს უკვე ახალგაზრდა მამაკაცებს სურთ თავიანთი სახლი გახადონ ორიგინალური, ფუნქციონალური, დახვეწილი და კომფორტული, მით უმეტეს რომ, შესაბამისი მახასიათებლების გათვალისწინებით მარტივადაა შესაძლებელი სასურველი სტილის შექმნა.
სტილისტური მიმართულებები მამაკაცის ოთახისთვის
თანამედროვე ინტერიერის დიზაინი დღესდღეობით მამაკაცებს უამრავ მოსახერხებელ სტილისტურ მიმართულებას სთავაზობს, ყველა ეს სტილი იდეალურად ერგება მარტოხელა მამაკაცის ოთახის დიზაინს და გათვლილია ნებისმიერი ზომისა და ფორმის ოთახის მოსაწყობად. მათ შორის ყველაზე კრეატიული და დასამახსოვრებელი სტილებია: ბრუტალიზმი, მინიმალიზმი, ლოფტი, ჰაი-ტეკი, როკ სტილი და ა. შ...
ბრუტალური სტილი
ის არის მკაცრი, ასკეტური და გამოირჩევა უბრალოებით. ფერთა გამა უკიდურესად თავშეკავებულია, ძირითადად ფიგურირებს შავი, თეთრი და ნაცრისფერი ტონები. დასაშვებია რბილი ყავისფერის ან ღია ნარინჯისფერის გამოყენება, რომ გარკვეულწილად გამოაცოცხლოს ინტერიერი. დიზაინერების რეკომენდაციაა ნათელი, ხასხასა ფერების უგულებელყოფა. ბრუტალური სტილის ინტერიერი მინიმალისტური და ამავდროულად ფუნქციონალურია. რბილი ავეჯისთვის არ გამოიყენება ფუშფუშა, ფერადი ბალიშები და ჭრელი ფარდაგები. ვერც ფანჯრებზე შენიშნავთ მაქმანიან ფარდებს. აქ ყველაფერი სადა და ლაკონურია. ყველა ნივთს თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს. ავეჯი მკაცრია, ზედმეტი დეტალებისა და დეკორატიული ელემენტების გარეშე. ამ სტილის განმასხვავებელი ნიშანი შიშველი ბეტონის ზედაპირების სხვადასხვა დეტალებით გაფორმების არარსებობაა. კედლები, როგორც წესი, ცემენტისაა, ყოველგვარი დაფარვის გარეშე, რადგან მნიშვნელოვანია ტექსტურა გამოჩნდეს პირვანდელი სახით. იატაკის მოპირკეთებისთვის გამოიყენება ხის უხეში ფილა, ფაიფურის ქვა ან მიკროცემენტი.
დამახასიათებელი ნიშნები.
ხელოვნური ქაოსი - ინტერიერის დიზაინში ხელოვნურად შექმნილია გარკვეული სახის არეულობა და არასრულყოფილება;
უხეში ფორმები და ტექსტურა -ეს სტილს განსაკუთრებულ ინდივიდუალურობას და სიმძაფრეს ანიჭებს;
ფუნქციონალურობა - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თითოეული ნივთი ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს და ჰქონდეს კონკრეტული ლოკაცია, ოთახის ყველა რესურსი გამოიყენება მაქსიმალურად;
მინიმუმამდე დაყვანილი დეკორი - ეს ბრუტალური სტილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია;
დაუმუშავებელი ზედაპირები - ზედაპირები ისეა დამუშავებული, რომ კედლებსა და იატაკს არ აქვთ დაკარგული თავდაპირველი ვიზუალი;
ხილული კომუნიკაციები - კომუნიკაციები არა მხოლოდ არ არის დამალული, არამედ განზრახ თვალში მოსახვედრია;
ხარისხიანი მასალები - გამოყენებულია ძვირადღირებული მასალა. ინტერიერში მოიაზრება ძვირფასი ხისა და ნაწრთობი მინისგან დამზადებული ავეჯი;
მართკუთხა ფორმები - ავეჯი არის უაღრესად მარტივი შესრულებაში, მრავალფუნქციური, პრაქტიკული, ხშირად აქვს მართკუთხა და სხვა მსგავსი ფორმები;
ტექსტილის მინიმუმი - ინტერიერში ყველა სახის ქსოვილი მინიმალურადაა გამოყენებული. იატაკზე დასაშვებია სადა ხალიჩა.
ლოფტი
ლოფტი არის შთამბეჭდავი და თანამედროვე სტილი. სტილი რომ სრულყოფილი გამოვიდეს, აუცილებელია მაქსიმალურ სივრცე, თუნდაც ამისთვის საჭირო გახდეს კედლებისა და ტიხრების დემონტაჟი. მეტი ეფექტის მისაღებად აუცილებელია დიდი ნათელი ფანჯრები, რომლის დაფარვა არ არის რეკომენდებული ფარდებით.
ლოფტი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ქარხნული ესთეტიკის ჰარმონიული სინთეზია, რომლის ინტერიერშიც მოიაზრება:
• ბეტონის ზედაპირები;
• აგურის ხილული ფაქტურა;
• უხეშად შელესილი კედლები;
• ჭერზე განლაგებული უხეში ხის კოჭები;
• ღია კომუნიკაციები;
• მკაცრი და ნათელი ხაზები.
ძირითადი მახასიათებლები:
1. ფუნქციონალური ავეჯი, რომლის ფორმები მარტივი და ამავდროულად რთულია;
2. მისასალმებელია ჩაშენებული კარადები, უჯრები და ტექნიკა;
3. დაშვებულია ისეთი თანამედროვე მასალების გამოყენება, როგორიცაა პლასტმასი, მინა, ბეტონი, ლითონი და სინთეტიკური ქსოვილები;
4. სივრცის ზონირებისთვის იდეალურია მინა-ლითონისგან დამზადებული სასრიალო კარები;
5. ბუნებრივ განათებასთან ერთად აუცილებელია ხელოვნურიც, რომლის მიღება შესაძლებელია წერტილოვანი განათების ან LED ნათურების მეშვეობით;
6. მისასალმებელია განსაზღვრულ ფერთა სინთეზი, მაგ. როგორიცაა თეთრი, ნაცრისფერი და მეტალის ჩრდილების შერწყმა. თუმცა, არც სხვა ფერებია აკრძალული, მაგრამ მათი გამოყენება ზომიერებას მოითხოვს;
7. თანამედროვე ტექნოლოგიების სიმრავლე, რომელიც მაშინვე ხვდება ყურადღების ცენტრში;
8. მკაცრად შერჩეული დეკორი, ეს შეიძლება იყოს ფოტოსურათი, ფერწერული ტილო, პლაკატი ან სტილის შესაფერისი ფიგურები;
რა არის საჭირო ლოფტის შესაქმნელად
ინდუსტრიული სტილი - ლოფტის ინტერიერის გაფორმება არ წარმოადგენს რთულ სამუშაოს, მთავარია შენარჩუნდეს ინდუსტრიული სტილი. სხვენის რეალური ატმოსფეროს შენარჩუნება ან შექმნა წარმატების გასაღებია;
ლოგიკური კომბინაციები - სულაც არ არის საჭირო თანამედროვეობის ხიბლის დათმობა, ძველისა და ახლის კანონზომიერი კომბინაცია ნიშნავს რომ პორექტს წარმატებულად გაართვით თავი;
მრავალფუნქციური ავეჯი - რეკომენდებულია მრავალფუნქციური ავეჯი. მისასალმებელია ნებისმიერი ავეჯი, თუნდაც ანტიკვარული, მთავარია ის იყოს მოხერხებული და სტილს ერგებოდეს;
აქსესუარები - სტილს კრეატიულობას სძენს ორიგინალური აქსესუარები, თუნდაც ეს იყოს საგზაო ნიშნები, პოლიტიკური პლაკატები, საბავშვო ნახატები, მთავარია ხაზგასმით ჩანდეს განსხვავებული სტილი;
ღია დაგეგმარება - მაქსიმალურად შეამცირეთ კედლებისა და ტიხრების რაოდენობა. უმჯობესია სივრცის ზონირება განახორციელოთ განათების, ფერების, ავეჯისა და ღია თაროების გამოყენებით.
როკ სტილი
მელომანი მამაკაცები აუცილებლად დააფასებენ ამ მიმართულებას. ეს სტილი გარანტირებულად უზრუნველყოფს მათთვის კომფორტული გარემოს შექმნას.
ვინაიდან ეს მიმართულება საკმაოდ ახალგაზრდაა, ისეთ სავალდებულო ელემენტებს არ მოიცავს როგორც სხვა სტილების შემთხვევაშია. თუმცა, არსებობობს რამდენიმე განსაზღვრული მახასიათებელი, რომლის დახმარებითაც შეძლებთ წარმატებულად მოარგოთ როკ სტილი მარტოხელა მამაკაცის ოთახის ინტერიერს.
ძირითადი მახასიათებლები:
1. როკის სტილი არის უბრალოება და სიმარტივე, მისთვის რთული და პრეტენზიული ელემენტები მიუღებელია;
2. ინტერიერში ჭარბადაა უხეშად დამუშავებული აგური, ხე, ლითონი და ქვა;
3. მნიშვნელოვანია მაქსიმალური ფუნქციონალიზმი, ამიტომ ზედმეტი ელემენტებით გადატვირთვა არ არის რეკომენდებული;
4. მნიშვნელოვანია ბუნებრივ განათებასთან იყოს ხელოვნური განათებაც. გამოიყენეთ მრავალფეროვანი ნათურები, მაგრამ არა მოცულობითი ჭაღები.
5. მისასალმებელია კედლების და ბალიშების დროშებით გაფორმება. ძირითადად გამოიყენება დიდი ბრიტანეთის დროშა.
6. მთელ ოთახში დაუდევრად მიმოფანტული ჩანაწერები და დისკები ხაზს უსვამს სტილის ხასიათს. დასაშვებია მულაჟების გამოყენება;
7. დიდი პლაკატებისა და ფოტოების საშუალებით შესაძლებელია შპალერის ჩანაცვლება;
8. აუცილებელია მუსიკალური ინსტრუმენტების ფორმის დეკორატიული სიმბოლური ნივთები.
9. მისასალმებელია მუსიკალური ატრიბუტიკის გამოყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულებით. მაგალითად: ძველი გიტარის გამოყენება თაროდ ან მაგიდად, დინამიკები - ფიგურების სადგამად, ძველი პიანინო - სუვენირების კარადად, დასარტყამი ინსტრუმენტის კარკასი გამოდგება ქოთნებისთვის ბუნებრივი გამწვანებით, ჩანაწერები და დისკები კედლის საფარისთვის და ა. შ...
10. სახასიათო შტრიხია კედლებზე და თაროებზე განლაგებული ჩარჩოები მუსიკოსების ფოტოებით და ავტოგრაფებით.