ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ ბოლო მოდის დიზაინით ინტერიერის გაფორმება და პროფესიონალი დიზაინერის მომსახურება მხოლოდ მდიდრულ ვილებზე და აპარტამენტებზეა გათვლილი და ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, ჩვეულებრივი ქალაქური ტიპის ბინისთვის კი საკმარისია მარტივი და იაფიანი რემონტი ყოველგვარი დიზაინერული გადაწყეტების გარეშე. ამიტომ, ასეთი ადამიანები კმაყოფილდებიან მარტივი კოსმეტიკური რემონტით და თავს ინუგეშებენ გამონათქვამით: „საქმე მოკვარახჭინდა იაფად და მხიარულად“.
თანამედროვე სტილი ინტერიერისთვის
სინამდვილეში, ინტერიერის თანამედროვე სტილით გაფორმება სულაც არ ნიშნავს ძვირადღირებული სარემონტო მასალების გამოყენებას. დღევანდელი სამომხმარებლო ბაზარი იძლევა იმის საშუალებას, რომ ინტერიერი განახლდეს იმ სარემონტო სამუშაოების გარეშეც, რაც რამდენიმე წლის წინ, უდავოდ, ძვირი სიამოვნება გახლდათ, მაგალითად:
ა) ლოფტის, პროვანსის ან კლასიკური სტილით გაფორმებულ ოთახში ბუხრის დასაყენებლად ადრე კედლის დანგრევა იყო საჭირო, ახლა მაღაზიებში იყიდება ელექტრო ბუხრები, რომლთა დამონტაჟებაც კედლების დაუნგრევლად, რამდენიმე საათშია შესაძლებელი.
ბ) ბაროკოს, ამპერის, არტ-ნუვოს სტილისთვის დამახასიათებელი კოლონების და სვეტების დამონტაჟება ადრე რთულ, ძვირიან და შრომატევად პროცესად ითვლებოდა, დღესდღეობით კი ამის გაკეთება გაცილებით მარტივია და არც დიდი თანხების და დროის ხარჯვას მოითხოვს. დღეს ასეთი კონსტრუქციები მზადდება ქაფისგან და შესაბამისად არის ძალიან მსუბუქი და იაფი. შეძენა შესაძლებელია მზა მდგომარეობაში. მცირე წონის გამო ტრანსპორტირება და შემდგომ მონტაჟი უაღესად გაადვილებული პროცესია, საკმარისია წებო და რამდენიმე წუთი დასამაგრებლად.
ეთნო სტილის ევროპული მიმართულებები
ზემოთ ჩამოთვლილი გამარტივებული პროცესების გათვალისწინებით უკვე გაცილებით მარტივია სტანდარტული ბინის გარდაქმნა თანამედროვე, ორიგინალურ სივრცედ. ასეთი თამამი პროექტების განსახორციელებლად დიზაინერები ხშირად აკეთებენ არჩევანს ეთნო სტილის ევროპული მიმართულებებზე, რომლებიც გამორჩევიან ელეგანტური, მრავალფეროვანი, პრაქტიკული, დახვეწილი დიზაინით და სახასიათო ეროვნული შტრიხებით, მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევიან ისეთი სტილები, როგორიცაა სკანდინავიური, იტალიური, ფრანგული, ინგლისური და ა. შ...
იტლიური სტილი
იტალიური სტილი კლასიკური ელეგანტურობის და პროვინციული სისადავის საოცარი სინთეზია. მასში ჰარმონიულადაა შერწყმული რთული ფორმები და სოფლური სიმარტივე. თითქოს ევროპის ხმელთაშუა ზღვისპირეთის დამახასიათებელმა მთელმა ფუფუნებამ, პრაქტიკულობამ და თბილმა ხასიათმა ერთად მოიყარა თავი და ამ სტილში გაერთიანდა.
გამოყოფენ იტალიური სტილის ორ ძირითად მიმართულებას - კლასიკურ და თანამედროვე ვარიანტებს.
1. კლასიკური იტალიური სტილის ამოცნობა შესაძლებელია ხელნაკეთი ხის ავეჯით, ვენეციური თაბაშირით, მოოქროვილი ფრესკებით, ისტორიული სტილის სტატუეტებით. განათება მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ხაზგასმულია მდიდრული ფონი - ძვირფასი ბროლის ჭაღები, ჭედური რკინის ნათურები. კლასიკური სტილი გათვლილია რომანტიკის მოყვარულ ადამიანებზე, ვისთვისაც ფუფუნება და რომანტიკული გარემო მნიშვნელოვანია.
2. თანამედროვე იტალიურ სტილში მთავარი აქცენტი კეთდება კომფორტზე და მხოლოდ კომფორტზე! მასიური ავეჯი, მოხერხებული დივნები და ფუმფულა სავარძლები, კომფორტული ფორმის მაგიდები, კარადებისა და თაროების ლოგიკური კომბინაცია. თანამედროვე იტალიური სტილი უხდება აქტიურ, თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს.
ინგლისური სტილი
ეს გამოკვეთილად დახვეწილი და სიმეტრიული დიზაინი საჩუქარია კლასიკის მოყვარულთათვის. ელეგანტურობასთან ერთად ის ცნობილია, როგორც ეკომეგობრული სტილი, რადგან ინტერიერში გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი მასალა. იშვიათ შემთხვევაში დაშვებულია ხის მაგივრად ისეთი ძვირადღირებული ხის იმიტაციის გამოყენება, რომელიც აკმაყოფილებს ეკო სტანდარტებს. ინგლისური სტილის ინტერიერში პლასტმასის გამოყენება ცუდ ტონად ითვლება. კედლების ფერი უმეტესად ღია, ცივ ტონებშია გადაწყვეტილი. ქვედა ნაწილი ხშირად დაფარულია ხის პანელებითა და დაფებით, კედლის ზედა ნაწილი კი - სქელი, ხარისხიანი შპალერით ან ქაღალდით, რომელიც მოხატულია მქრქალი საღებავით.
ინგლისური სტილით ინტერიერის გაფორმების მსურველებს დიზაინერები ურჩევენ, რომ დაგეგმარებისას გაითვალისწინონ და გამოყონ საპატიო ადგილი დიდი ინგლისური ბუხრისთვის და მყუდრო ბიბლიოთეკისთვის, რადგან ამ ორი კომპონენტის გარეშე პროექტი გამოვა არასრულფასოვანი.
ფრანგული სტილი
ფრანგული სტილი შესაფერისია როგორც აგარაკებისთვის და კერძო სახლებისთვის, ასევე მაღალი ჭერის მქონე ქალაქური ტიპის ბინებისთვისაც. მთავარია სახლს ჰქონდეს დიდი, ნათელი მისაღები ოთახი დიდი ფანჯრებით, სადაც შესაძლებელია განთავსდეს ანტიკვარული ავეჯი მომრგვალებული კუთხეებით, ხელოვნების ნიმუშები, კუპიდონის სტატუეტები, მდიდრული დეკორი. აგრეთვე დასაშვებია პარალელურად მოეწყოს სახელოსნო. მისაღები ოთახის იატაკისთვის პარკეტი იდეალურ გადაწყვეტად ითვლება. განათების მონტაჟის დროს გამოგადგებათ მდიდარი ფანტაზია, რადგან ამ მიმართულებით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
ყველაზე პოპულარული ფრანგული სტილებია:
> როკოკო - სიმსუბუქე, ფუფუნება, მოჭარბებული ოქროსფერი, რთული ორნამენტი;
> კლასიკა - არისტოკრატული ვიზუალი, სიმკაცრე, ლაკონურობა;
> ნეოკლასიკა - პასტელის ფერები, უხვი განათება, მონოქრომული გადაწყვეტა;
> ამპირი - ძვირადღირებული ქსოვილები, მოოქროვილი დეკორი, მდიდრული ვიზუალი;
> არტ ნუვო - რთული ხაზები, ფერების და ტექსტურების თამამი კომბინაციები;
> არტ დეკო - გეომეტრიული ორნამენტი, უჩვეულო აქსესუარები, კონტრასტები და ნათელი კონტურები;
> პროვანსი - ეკომეგობრული, სოფლური უბრლოება და სისადავე, მყუდრო და თბილი ხასიათი.
> ბაროკო - ელეგანტური ხასიათი, რთული ჩუქურთმა ავეჯზე, მომრგვალებული ხაზები;
სკანდინავიური სტილი
გარემოსდაცვითი კეთილგანწყობის გლობალიაზაციამ და ფართო მოთხოვნამ ეკოსტანდარტებზე, სისუფთავეზე და ბუნებრივ მასალაზე განაპირობა სკანდინავიური სტილის პოპულარობის მკვეთრი ზრდა. კლიმატური ზონისა და გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურებებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა და დაიხვეწა სტილის ესთეტიკა. მსოფლიოს წამყვანმა დიზაინერებმა ინტენსიურად დაიწყეს სკანდინავიური ინტერიერის რეპროდუცირება. სტილის წარმატება ასევე განაპირობა როგორც ეკომეგობრულმა მახასიათებლებმა, ასევე ეროვნული და საერთაშორისო დეტალების ჰარმონიულმა შერწყმამ.
ინტერიერისთვის ძირითადად გამოიყენება ამ რეგიონისთვისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მასალები: პირველ რიგში, ხე მისი ყველა ფორმით - ლაქირებული, პრიალა ტექსტურიდან დაწყებული უხეშ დამუშავებამდე. სკანდინავიურ სტილში ჩრდილოეთის ბუნების სიცივეს აკომპენსირებს მრავალფეროვანი ტექსტილი: უხეში, ხელნაქსოვი მატყლით დაწყებული, ნატიფად დამუშავებულ ხალიჩებამდე. სწორედ ეს ხალიჩები, ბუნებრივი ბეწვი იატაკზე, ფერადი ბალიშები, საწოლის ღუნღულა გადასაფარებლები და სადა ფარდები ქმნიან სითბოთი და სიმყუდროვით ცნობილ სტილის ხასიათს.
„ხრიკები“ სკანდინავიური სტილის შესაქმნელად
1. ავეჯისთვისა და იატაკისთვის გამოიყენეთ ღია ფერის ხე, მონოქრომულ ფერებში რამდენიმე ტონის განსხვავებით.
2. ეცადეთ იატაკისთვის მთელ ფართზე გამოიყენოთ (სველი წერტილების გამოკლებით) ერთი ტიპის საფარი.
3. კედლებისთვის რეკომენდებულია თეთრი ან ღია ნაცრისფერი საღებავი.
4. მოდერნისტული ავეჯის და ვინტაჟური ნივთების ორიგინალური კომბინაციით შესაძლებელია ინტერიერი გახადოთ „უფრო მეტად სკანდინავიური“;
5. ინტერიერში სავალდებულოა როგორც ფუნქციონალური, ასევე დეკორატიული დანიშნულების ბუნებრივი ელემენტების გამოყენება.
6. დიდი რაოდენობით ტექსტილის გამოყენებით ინტერიერი გახდება თბილი, მყუდრო და კომფორტული.