სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია
სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.
დიდი ხანია, რაც კარის ფუნქცია აღარ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ერთი ოთახი მეორესგან გამოყოს. დღესდღეობით კარის დიზაინს შეუძლია ბევრი რამის თქმა სახლის მფლობელის ხასიათზე, გემოვნებაზე და ცხოვრების სტილზე. დიზაინერებისთვის კი კარი დეკორატიული ელემენტია, რომელიც ხაზს უსვამს ოთახის სტილს. სწორად შერჩეულ კარს შეუძლია მთლიანად შეცვალოს ოთახის ვიზუალი და გახდეს მისი დიზაინის დაგეგმვის საწყისი წერტილი.
უნდა იყოს თუ არა ბინაში ყველა კარი ერთნაირი?
ამ აქტუალურ კითხვას ხშირად სვამენ ადამიანები და პასუხის მოძიების გარეშე, თითქმის ყოველთვის, არჩევანს აკეთებენ ერთნაირი ფერის და სტილის კარებზე, არადა, დიზაინსა და განლაგებაზე დაყრდნობით შესაძლებელია ახალი, საინტერესო იდეების განხორციელება, რადგან აკრძალვები თითმის არც არსებობს კარის დიზაინის შერჩევისას, გარდა ერთი შემთხვევისა: როცა რამდენიმე კარი გადის ერთ საერთო სივრცეში. ასეთ დროს აუცილებელია დაცული იყოს ყველა კარისთვის ერთი სიმაღლე, თუმცა დასაშვებია კარის სიგანე იყოს სხვადასხვა. ეს პრინციპი გამოიყენება სტილის შერჩევის დროსაც - სჯობს სტილი იყოს ერთი და მასალა დასაშვებია სხვადასხვა. როცა ოთახში ორი კარი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, ისინი შეიძლება გაერთიანდეს ერთ დიზაინში, აგრეთვე შესაძლებელია ყველა კარისთვის აარჩიოთ იგივე მასალა და ფერი, მაგრამ განსხვავებული გახსნის სისტემა - ვიზუალური სტანდარტების და საჭიროების გათვალისწინებით. ღია ფერის კარი ეთავსება ნებისმიერ ინტერიერს, მუქი ფერის ავეჯი კი იდეალურია მუქ კარებთან.
რა უნდა გაითვალისწინოთ კარის არჩევისას?
საკმარისია დიზაინპროექტის ზოგადი მონახაზიც კი, რომ გამოიკვეთოს, როგორი ფაქტურის, ფერის და დიზაინის კარები შეეთავსება მოცემულ სტილს. ამიტომ საწყის ეტაპზევე შეგიძლიათ თამამად იზრუნოთ კარების შერჩევაზე, რადგან სწორად შერჩეული კარები გაგიადვილებთ შეუხამოთ ერთმანეთს პლინთუსების, იატაკის, კედლის საფარის და რა თქმა უნდა, ავეჯის ფერი და ტექსტურა. არჩევანის გაკეთების დროს გაითვალისწინეთ
სამი ძირითადი პირობა:
- ოთახის დანიშნულება (საძინებელი, მისაღები, სააბაზანო და ა.შ..);
- ოთახის უკვე არსებული ან ახლად დაგეგმილი სტილი;
- სივრცის დაზოგვის შესაძლებლობა (თუ მოითხოვს საჭიროება).
შესაძლებელია თუ არა სივრცის დაზოგვა კარის დიზაინის მეშვეობით?
არსებობს რამდენიმე ტიპის კარი. შერჩევა უნდა მოხდეს მფლობელის მოთხოვნების და ოთახის ფართის თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ, როცა ფართი მცირეა..)
- ცალფრთიანი ან ორფრთიანი კარი - იხსნება მხოლოდ ერთი მიმართულებით, არ არის შესაფერისი პატარა ფართის ოთახისთვის;
- ორმხრივი კარი - მოძრაობს ორივე მიმართულებით. მისი მინუსი ცუდი ხმის იზოლაციაა, ამიტომ საცხოვრებელ ბინებში იშვიათად იყენებენ;
- სასრიალო, გასაცურებელი კარები ან კუპე - მოძრაობს კედლის ლიანდაგზე, ყველაზე მეტად შესაფერისია მცირე ზომის ოთახებისთვის.მისი ნაკლია კონსტრუქციის მოძრავ ელემენტსა და ჩარჩოს შორის ხშირად წარმოშობადი ხარვეზები. ასეთი კარების შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ კედელთან ავეჯის განლაგებას ვერ შეძლებთ;
- დასაკეცი კარები (гармошка) - სივრცის ეკონომიის თვალსაზრისით ყველაზე შესაფერისია მცირე ზომის ოთახებისთვის. მუშაობს უხმაუროდ. ამ ტიპის კარების დიდ მინუსად ითვლება, რომ მისი დეტალები და ნაწილების უმეტესობა სწრაფად გამოდის მწყობრიდან, გარდა ამისა მას აქვს ხმის და თბოიზოლაციის დაბალი დონე.
როგორ შევუხამოთ ერთმანეთს კარი, იატაკი და პლინთუსები?
ინტერიერის დიზაინის წესებით, შიდა კარი ოთახის სტილს უნდა შეესაბამებოდეს. კარის ღია აქცენტი მისაღებია თუ მას შეავსებს ოთახში არსებული სხვა შესაბამისი დეტალები: მაგალითად, იმავე ფერის დეკორი ან ფარდები.
ფერის კომბინაციის არჩევისას დაიცავით შემდეგი წესები:
- შეარჩიეთ კარისა და პლინთუსისთვის ერთი ფერისა და ტექსტურის მასალა;
- იატაკის საფარი კარისგან ერთი ტონით მაინც უნდა განსხვავდებოდეს (თუ კონტრასტული არ იქნება), ასეთ შემთხვევაში, პლინთუსი შეასრულებს მკაფიო საზღვრის როლს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ზედაპირებს შორის;
- კარი, პლინთუსი და ავეჯი მონოქრომულ ან ერთ ფერში იდეალური შეხამება იქნება ღია ფერის იატაკთან, ან პირიქით;
- თუ კარებს, კედლებს და იატაკს ერთ ფერში გააფორმებთ, ინტერიერის დეტალები დაიკარგება და ოთახი დაკარგავს სტილის ინდივიდუალობას.
- ეცადეთ, ავეჯის და კარის ფერები არ იყოს კონტრასტული, ამით ოთახის დიზაინი გახდება უგემოვნო.
კარის შერჩევა ოთახის დანიშნულების მიხედვით
შიდა კარი როგორც ვიზუალურად, ასევე დანიშნულების მიხედვით უნდა შეესაბამებოდეს გარემო პირობებს და ასრულებდეს განკუთვნილ ფუნქციებს.
- მშვიდი, მყუდრო და კომფორტული ატმოსფერო აუცილებელია საძინებელი ოთახისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ხმის იზოლაცია. ამ ატმოსფეროს შესაქმნელად უნდა შეარჩიოთ არამყვირალა ფერის კარები, რომელსაც ნაკლებად ექნება შუშის ჩანართები. საუკეთესო ვარიანტია მყარი მასალის, მასიური კარი, რომელიც ახშობს ხმას სხვა ოთახებიდან;
- სააბაზანო ოთახისთვის შეარჩიეთ ნესტგამძლე მასალისგან დამზადებული კარი. ყველაზე გავრცელებული მასალა აბაზანის კარისთვის არის ლამინირებული მერქნბურბუშელას ფილა, რომელსაც უნდა ჰქონდეს ტენიანობისგან დამცავი სპეციალური დაფარვა. პოპულარობაში ტოლს არ უდებს საშუალო სიმკვრივის მერქნბოჭკოვანი ფილისგან დამზადებული კარები (MDF). გარდა იმისა რომ ნესტგამძლეა, დასამუშავებლადაც მარტივია და შესაძლებელია მისგან ამოზნექილი ფასადების შექმნა, ამიტომ მისი პლუსი დიზაინის მრავალფეროვნებაა. პოლივინილქლორიდის (PVC) კარი ნესტგამძლე და წყალგამძლეა, აქვს ფერების დიდი არჩევანი, ამიტომ იდეალურია სააბაზანოს კარისთვის;
- კარი ხელოვნური დაფარვით - კარგი ვარიანტია საბავშვო ოთახისთვის. ძნელად ისვრება და ჭუჭყის მოშორებაც ადვილია: მათ შორის საღებავის და ფლომასტერერის კვალისაც კი. შუშის ჩანართების გამოყენება კი ბავშვის უსაფრთხოებისთვის მინიმუმამდე შეამცირეთ;
- როგორც კლასიკური, ასევე არასტანდარტული გადაწყვეტილებები შესაფერისია მისაღები ოთახისთვის, მაგალითად: თუ ოთახი პატარაა მინის კარი მას უფრო ნათელს და ფართოს გამოაჩენს;
- სამზარეულოში მასიური, მყარი ხის კარი ხელს შეუშლის სხვა ოთახებში სუნის შეღწევას.
კარის შერჩევა დიზაინის მიხედვით
კარის შერჩევა აგრეთვე შესაძლებელია დიზაინის სტილის მიხედვით. ყველაზე გაყიდვადია და დიდი პოპულარობით სარგებლობს შემდეგი სტილის კარები:
- ლოფტი;
- ჰაი ტეკი;
- პროვანსი,
- მოდერნი,
- მინიმალიზმი და ა,შ..
აგრეთვე ეთნოს სტილი: ფრანგული, ინგლისური, იაპონური, სკანდინავიური და ა. შ...
კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!